სენაკში სამხატვრო გალერეის დაარსებიდან 40 წლისთავი აღნიშნეს

სენაკის სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზში, გალერეის დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახლგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ ნორჩ მსახიობთა მონაწილეობით, იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია გაიმართა.
პარალელურად, სამხატვრო გალერეა დაარსებიდან დღემდე ამ კედლებში გამართული ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოფენების აფიშების დასათვალიერებლად იწვევდა ღონისძიების სტუმრებს.
ახალგაზრდა მსახიობების შესრულებით, მინიატურების, ლექსების, ინფორმაციული ჩანახატების მხატვრული მონაცვლეობა, აფიშებში მოქცეული გალერეის ისტორია, შთამბეჭდავად მოგვითხრობდა იმ საამაყო კულტურულ ცხოვრებაზე, რითაც, ამ 40 წლის მანძილზე სუნთქავდა სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეა.
იგი 1979 წლის 29 სექტემბერს გაიხსნა და ურთულესი წლების ღირსეულად გამოვლის შემდეგ, დღეს, სრულფასოვნად ემსახურება სენაკის კულტურას. მისი ოქროს ფონდი 200-ზე მეტ ექსპონატს ითვლის. მათ შორის – ლადო გუდიაშვილის, გივი თოიძის, ავთანდილ ვარაზის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის, თენგიზ მირზაშვილის, რეზო ადამიას, ოთარ პარკაიას, ნადეჟდა გვაძაბიას, მოსე გერსამიას და სხვათა ფერწერულ თუ გრაფიკულ ნამუშევრებს, ბიუსტებს და ქანდაკებებს. თავისი არსებობის განმავლობაში აქ 15 ათასი ექსპონატი იქნა გამოფენილი.
ღონისძიებაზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა სენაკის საპატიო მოქალაქის, მხატვარ ლერი კართხიას ღვაწლი, რომელიც ათეულობით წლების მანძილზე სათავეში ედგა კულტურის ამ მნიშნელოვან კერას და ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში, სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა ოქროს ფონდის უნიკალური ექსპონატები.
საიუბილეო საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის, სენაკის კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




