სენკში ხანდაზმულთა დღე აღნიშნეს

კაცობრიობის ყველაზე საპატიო და დასაფასებელ წარმომადგენლებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში ესტუმრნენ და ხანდაზმულთა დღე მიულოცეს.
,,ვულოცავ ყველა მხცოვანი ასაკის მოქალაქეს, ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიბრძნით და სიყვარულით მდიდარ ადამიანებს, რომელთაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა, სითბო და თანადგომა სჭირდებათ. მინდა მათ დღეგრძელობა, ჯანის სიმრთელე და მხნეობა ვუსურვო’’ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ხანდაზმულებთან სტუმრობისას. მისი თქმით, მომავალი წლიდან, ცენტრის ბენეფიციარები უფასო კვების სერვისით კვირა დღესაც ისარგებლებენ.
მუნიციპალიტეტის ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების პედაგოგთა, მოსწავლეთა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში ხანდაზმულთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მას საქართველო 2006 წლიდან, ფონდ “თაობის“ ინიციატივით შეუერთდა.




