,,კოლხური ტრიოს“ ხელმძღვანელს, დარეჯან ფაჩულიას დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა

სენაკის საპატიო მოქალაქეს, ,,კოლხური ტრიოს“ ხელმძღვანელს, დარეჯან ფაჩულიას დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა. მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული ღონისძიება, რომელსაც მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სასიამოვნო სიურპრიზებით იყო აღსავსე.
კლასიკური მუსიკის საღამოზე მონაწილეობა სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს. პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომელთაც ხელოვნებას დარეჯან ფაჩულია აზიარებს, სცენაზე გენიალური პოლონელი კომპოზიტორის ფრიდერიკ შოპენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ეპიზოდები გააცოცხლეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის სახელით, მუსიკოს-შემსრულებელს იუბილე მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა მიულოცა.
,,დარეჯან ფაჩულიამ მოღვაწეობის წლები ,,კოლხურ ტრიოსა“ და თაობების ხელოვნებასთან ზიარებას მიუძღვნა. მისი შემოქმედება სენაკელთათვის განსაკუთრებით ახლობელია. იგი ჩვეული შემართებით აგრძელებს მის საყვარელ საქმეს. მას ხანგრძლივ სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ“ – აღნიშნა მან.




