განათლების სამინისტროში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
“აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზება კატეგორიულად მიუღებელია. 2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ განათლების სისტემა დეპოლიტიზებულია და შესაბამისად, პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად იქცეს რომელიმე სასწავლო დაწესებულება, არ დავუშვებთ.
ბოლო დღეების განმავლობაში სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებისგან, თუმცა მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა ისეთი სახე მიიღო, რაც სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას აზიანებს და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ყველა სახის დოკუმენტაცია მიაწოდოს და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან”, – განაცხადეს განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
ოჯახის მტკიცებით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე კი, მათივე მტკიცებით, ქალმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის აქტივისტობაზე უარი თქვა.
პედაგოგის შვილი, ბაჩანა შენგელია ღიად აცხადებდა, რომ ია კერზაია რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მისი თქმით, ზეწოლა განათლების მინისტრისგან მოდიოდა და მიზანი დაშინება იყო.
განათლების სამინისტრო განმარტავდა, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა.
ამავე ცნობით, სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის სკოლის მოქმედი დირექტორი იყო.