წელს დასავლეთ საქართველოში სიმინდის და თხილის უკეთესი მოსავალია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ფერმერებს, რომლებმაც აზიური ფაროსანას წინააღდეგ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო სამუშაოები განახორციელეს, კარგი მოსავალი აქვთ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას დასავლეთ საქართველოში ეცნობა.
მინისტრის მოადგილემ სამეგრელოს რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან, მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში თხილის პლანტაციები და საყანე ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
ე.წ. ანჯელის მასივში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს და ფართობები ცივი შესხურერებით მუშავდება.