ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ფოთის საფეხბურთო სკოლას სათამაშო ფორმები, ეკიპირება და ინვენტარი გადაეცა. მისი საერთო ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს.
საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებს ფორმები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილეებმა კონსტანტინე თოფურიამ და მამუკა პაპასკირმა გადასცეს.
ფოთის საფეხბურთო სკოლის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო სპორტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
აშენდება 2 სათამაშო მოედანი, ტრიბუნები, გასახდელი შენობები, მოეწყობა თანამედროვე განათების სისტემა.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში სამეგრელოს ქუჩა №12-ში მდებარე უძრავი ქონება 22379.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი განკარგვის წესით 49 წლის ვადით პირობით გადაეცა.