განათლების მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძემ განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა რეგიონში ახალი ინიციატივების წარმატებით განხორციელების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებას ითვალისწინებს.
მხარეებმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებული ლოგისტიკის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
თავის მხრივ, სახელმწიფო რწმუნებულებმა ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოხატეს.
სახელმწიფო რწმუნებულებთან გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერების და რეგიონული განვითარების მინისტრების მოადგილეები ესწრებოდნენ.







