სოფელ ჭითაწყარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, მეფრინველეობის დასახლებაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად ეწყობა, სანიაღვრე სისტემა და მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები.
მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან ბესიკ ჭეჟიასთან ერთად გაეცნო.
დავით კოდუა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
"შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და მათი საჭიროებები და პრობლემები მოვისმინე. აღნიშნულ დასახლებაში აქამდე გრუნტის გზა იყო, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილებას განსაკუთრებით ართულებდა.
მეფრინველეობის დასახლებაში სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელთა სახურავების რეაბილიტაციაც უკვე განვახორციელეთ. ამასთან, კორპუსების შიდა სივრცეების რეაბილიტაცია მოსახლეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიროებაა და აღნიშნულ სამუშაოებს ჩვენი გუნდი აუცილებლად უზრუნველყოფს"- აღნიშნა დავით კოდუამ.
სამუშაოების ღირებულება 452 640 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.









