ტყვარჩელის ,,გამგებლის” დავალებით ქალაქში ცხენები მოკლეს, მეპატრონემ კი ,,გამგეობასთან” მანქანები ჩაცხრილა

ოკუპირებულ აფხაზეთის ქალაქი ტყვარჩელი აფხაზური მედიის ყურადღების ცენტრშია. ერთ-ერთი აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ტყვარჩელის რაიონის ,,ხელმძღვანელის” ისიდორ დოჩიას დავალებით, ქალაქში მსხვილფეხა ცხოველების ქუჩებში ტყვიით მოკვლა დაიწყო.
,,ტყვარჩელის ,,შესაბამისი” სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებსაც სროლა დაევალათ, გადაწყვიტეს ისიდორე დოჩიას კეთილგანწყობა მოეპოვებინათ და მაწანწალა ცხოველების გარდა, ქალაქში მსხვილფეხა ცხოველების მოკვლა დაიწყეს, ქალაქში ოთხი ცხენი დახვრიტეს. ცხენების პატრონმა, როცა შეიტყო ასეთი უკანონობის შესახებ, ავტომატი აიღო და საპასუხოდ, გამგეობის მახლობლად გაჩერებულ მანქანებს ესროლა. შედეგად ტყარჩალში ქაოსი დაიწყო, რომელიც ჯერ არ მოგვარებულა.
მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა აღძრეს საქმე ტყვარჩელის ,,ხელმძღვანელსა” და მის ქვეშევრდომებს ცხოველების მოკვლის გამო, ან მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც ესროლა მანქანებს , მაშინ ღრმად ცდებით” – იწერებიან აფხაზურ ტელეგრამ არხში.




