ტერენტი გრანელის აქამდე უცნობი ლექსი აღმოაჩინეს

ცნობილი ქართველი შემოქმედის ტერენტი გრანელის აქამდე უცნობი ლექსი აღმოაჩინეს. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ლევან თაქთაქიშვილი წერს, რომ აქამდე უცნობი ლექსი ჯერ კიდევ მაშინაა დაწერილი, როდესაც ტერენტი გრანელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფსევდონიმი „გრანელი“ და ის ლექსებს ტერენტი წალენჯიხელის სახელით აქვეყნებდა.
„სავარაუდოდ ლექსი 1918 წელს დაწერილი და არ არის გამორიცხული, რომ ეს არის მისი ერთ-ერთი პირველი ლექსი და რატომ სწორედ პირველი გამოქვეყნებული არა, რომელიც სიმონ ყაუხჩიშვილისათვის უნახებია და მან დააბეჭდინა, მაგრამ დღემდე არ ვიცით, სად დაბეჭდა“ – წერს ლევან თაქთაქიშვილი.
გთავაზობთ ლექსს „პიგმენტი“
ბროლის სარკეში ათამაშდა შენი სინაზე.
რაშით ჯირითი შეუყვარდა ღამის ყაჩაღებს.
სული ნაცნობი შენს გარშემო სხივებს აჩაღებს.
ცრემლით ატირდა მდუმარება წითელ რკინაზე.
სიცილს დაიწყებს ტყის ასული უცხო ბინაზე.
შავი დემონი შეაგროვებს თუჯის მათრახებს.
მიქანცულ სხეულს მწუხარება ზანტად შეარხევს.
და თავს ამოყოფს ყრუ სიკვდილი ფანჯრის მინაზე.
შავი ოცნება დროთა სვლაში ჩაიფერფლება.
და უარს იტყვის თეთრი ვარდი განმეორებით.
ნერვებს აგიშლის ჭლექიანი ჩუმი ხველება.
ღამის სიზმრები ჩაივლიან ნაზი ზმორებით.
ავად მყოფ სულით უღრან ტყეში გაიპარები.
და შენს წინაშე აიშლება სევდის ჯარები.
ტ. წალენჯიხელი




![ოკუპირებულ გუმისთაში 117 მაინერი აღმოაჩინეს [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F03%2F%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%90-960x527.jpg&w=3840&q=75)