“ნაციონალური მოძრაობა” თავისუფალ მედიას თავს ესხმის – რა მოხდა ზუგდიდში?

- მედიაჰოლდინგ “კვირა”-ს სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტის ბექა ლაგვილავას ინფორმაციით, ენმ-ს წევრებმა დღეს მას და ოპერატორს მუშაობაში ხელი შეუშალეს, რაც პარტიის მხრიდან სხვდასხვა პროვოკაციულ ქმედებებში გამოიხატებოდა.
ბექა ლაგვილავას ინფორმაციით, მათ ენმ-ს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას ჩაწერა სურდათ, რომელიც კოკში და ორსანტიაში მართავდა შეხვედრებს, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ, უფრო მეტიც გადამღებ ჯგუფს პარტიის წევრები და მხარდამჭერები აგრესიით დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გადამღები ჯგუფი ინციდენტის ამსახველ ვიდეო-კადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ ენმ-ს წარმომადგენლები გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და მოუწოდებენ რომ ჟურნალისტმა და ოპერატორმა დატოვონ შეხვედრის ადგილი. როგორც ბიუროს ჟურნალისტი აცხადებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის ოპოზიციური პარტიის მხრიდან და მათზე სიტყვიერ ძალადობას და აგრესიულ ქმედებებს სისტემატური ხასიათი აქვს.
თავის მხრივ ბრალდებებს უარყოფენ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბში და პროვოკაციის მოწყობაში პირიქით, ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ მსგავს ქმედებებს ცალკეული სააგენტოები მთავრობის დაკვეთით ახორციელებენ.



