მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი მაშველებმა გამთენიისას იპოვეს. ის მდინარეების ჯუმისა და ენგურის შესართავთან წყალმა გამორიყა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული, რომელთაც მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური შტაბი. სამძებრო სამუშაოებში 20 მაშველი იყო ჩართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში, ასევე, მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან.
“მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა ოპერაციის მონიტორინგი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
15 წლის მოზარდი, გუშინ ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი საქონლის გადმოსარეკად მდინარის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა.




