პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასული, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით. ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.
,,დეტალურად არ მაქვს შესწავლილი ის რამაც გაიჟღერა რამდენიმე საინფორმაციო არხზე. შემდგომ მოგახსენებთ. მე აქაც, საკრებულოშიც, მოედანზეც ვსაუბრობ და ჩემი მონტაჟი შეიძლება მოხდეს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ჩემს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გახლავარ წარმატებული ფერმერი, წარმატებული ექიმი, სოფლის მოსახლეობა ჩემს გვერდითაა. შეიძლება ნაწყენია ვინმე და ამიტომ, დისკრედიტაციის მიზნით ჩაიდინეს ეს. ტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე თქვენც შეგიძლიათ დაამონტაჟოთ და ნებისმიერი მიმართულება მისცეთ ნათქვამს. ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებეული დისკრედიტაცია ჩემს მიმართ. ეჭვქვეშეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი.”- განაცხადა გია დანელიამ.
ცნობისათვის, დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ავტომობილშია გადაღებული.
ფარული აუდიოჩანაწერის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი – გია დანელია მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები “მოვიდა ზევიდან”.
ამასთან, დანელია ამბობს, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად; ვისაც ვერ მოისყიდიან – დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ – გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.



