ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ირაკლი ჯიქიასთან და მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, ნაბადის უბანში საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ამ ეტაპზე, სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილია შესრულებული. კომპანია „Tahal group” უახლოეს მომავალში გეგმავს დამატებით სუბკონტრაქტორი კომპანიების, სამუშაო ბრიგადებისა და ლოკაციების დამატებას.
ადგილობრივი ხელისუფლება მონიტორინგს უწევს სამუშაო პროცესს და ყველა პრობლემური საკითხის მოგვარებაში, კომპანიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ტენდრეში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს.
ხელშეკრულების მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინერის ქსელის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით, 2020 წელს უნდა დასრულდეს. ამჯერად მილების მონტაჟი ნაბადის უბანში,ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს.




