უკავშირდება თუ არა ელექტროენერგიის გათიშვა ენგურჰესის დაზიანებას?!

ზუგდიდში ელექტროენერგიის გათიშვას სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა მოჰყვა. ელექტროენერგიის გათიშვის შესაძლო მიზეზად ენგურჰესზე არსებული დაზიანება დასახელდა. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად STV- ენგურჰესის ადმინისტრაციული და საერთო საკითხების მენეჯერს ნუგზარ სართანიას დაუკავშირდა.
როგორც სართანიამ განაცხადა:
“მიუხედავად იმისა რომ ჰესზე მუდმივად მიმდინარეობს პატარ-პატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები. კაშხალზე ამდროისთვის არანაირი დაზიანება არ არსებობს. ენგურჰესზე არანაირი სახის ავარია, არც დაზიანება არ ყოფილა. ჩვეული სიმძლავრითა და დატვირთვით მუშაობს ელექტროსადგური. ასე, რომ თუ ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში შუქი არ არის ეს ენგურჰესს არ უკავშირდება,”- განაცხადა სართანიამ
როგორც ენერგო პროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ განაცხადა, ზუგდიდში ერთ-ერთი ფიდერია დაზიანებული და შესაძლოა, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ეს იყოს.
ცნობისთვის, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად 24 მაისს 20 საათზე და 11 წუთზე გამოირთო, რამაც ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია და ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და თბილისის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ენგურჰესის გენერატორები აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, თაღოვანი კაშხალი კი- თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჰიდროელექტროსადგურზე გეგმური რეაბილიტაცია 2018-2021 წელს არის დაგეგმილი.




