წალენჯიხის საკრებულოს მაღალჩინოსანი, უჩა მოლაშხია პოლიციამ დააკავა

სამართალდამცავებმა წალენჯიხის საკრებულოს მაღალჩინოსანი უჩა მოლაშხია დააკავეს. მას ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წაუყენეს. საქმე ეხება თბილისში საკუთარ სახლთან სადისტურად მოკლული გეორგ სარქისიანის მკვლელობის საქმეს – ახალგაზრდას 15-მა თავდამსხმელმა 22 ჭრილობა მიაყენა.
უკვე დადგენილია სავარაუდო მთავარი დამნაშავე, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ერიკ მხითარიანმა საოკუპაციო საზღვარი გადაკვეთა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმალვა შეძლო.
ერთ-ერთი ვერსიით, მძიმე დანაშაულში ბრალდებულს გაქცევაში საჯარო მოხელე – წალენჯიხის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეხმარებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ საჯარო მოხელეს მკვლელობაში ბრალდებულმა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანის სანაცვლოდ, 2000 დოლარი შესთავაზა. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთამდე ბრალდებული მხითარიანი თავს სწორედ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომლის ოჯახს აფარებდა.




