“ფარული ჩანაწერების” საქმე – რატომ დააკავეს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი?

სუს-ის ზუგდიდის განყოფილების შენობა უკომენტაროდა დატოვა, ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებული ზაზა ხასაიას მეუღლემ. მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ხათუნა ფიფიას გამოკითხვა, დაახლოებით, ორსაათნახევარი მიმდინარეობდა.
STV-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე იმ ბიზნესმენთან მუშაობდა, რომელიც ე.წ ფარული ჩანაწერების საქმეში ფიგურირებს. ასევე ირკვევა, რომ ზაზა ხასაია, რუსეთშიმოღვაწე ბიზნესმენის, ზურაბ კვირკვიას კლასელი და ბავშვობის მეგობარია.
ინფორმირებული წყაროები ამბობენ, რომ ხასაიას დაკავება პირდაპირ უკავშირდება ფარულ ჩანაწერებს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩანაწერის ასლი სწორედ ხასაიამ გადასცა კახა მიქაიას, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა, რომელიც ოფიციალურად არ დასტურდება.
სუსის ზუგდიდის განყოფილების შენობაში ამ დრომდე რჩება ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას და, რომელიც ისევ ამ საქმესთან დაკავშირებით იკითხება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ხასაია სუსმა დღეს დილით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში კი ზაზა ხასაიას დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




