ვაჟა ფშაველას 160 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება სენაკში

დღეს, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გაკვეთილი გაიმართა, რომელშიც სენაკის I, II, III, VII, აფხაზეთის VII საჯარო სკოლების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, სკოლა-ლიცეუმის, კერძო სკოლა ,,მარიოტას’’ და, პირდაპირი ჩართვით, გენიოსის მშობლიური მხარიდან – შატილის საჯარო სკოლის მე-11 კლასელები ღებულობდნენ მონაწილეობას.
გაკვეთილს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი ირმა კუპრეიშვილი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქტივობაში ასევე ჩართული იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ინასარიძე, პროექტის – ,,ასწავლე საქართველოსთვის’’ მენეჯერი ლალი წიკლაური და ამავე პროექტის კოორდინატორი თამთა ნაცვალაძე. გაკვეთილს, რომელიც ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემების – ,,ალუდა ქეთელაურისა’’ და ,,სტუმარ-მასპინძლის’’ ანალიზს მიეძღვნა, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლისა და შატილის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები – ნანა თავართქილაძე და თამილა ნადირაშვილი უძღვებოდნენ.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ვაჟას ბუმბერაზი გმირების სულიერი კათარზისის თანმიმდევრული ისტორია, თემის არაჰუმანურ ტრადიციებთან მათი დაპირისპირების ტრაგიკული მარტოსულობა. ღონისძიების დასასრულს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა, მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.




