სენაკში, პატრიარქის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა (R)

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საზეიმო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. ინტრონიზაცია, ორი დღის შემდეგ, 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსრულდა. ხვალ, სენაკელთათვის გამორჩეული დღეა, რადგან სვეტიცხოველში, მთელს საქართველოსთან ერთად, სენაკელი სასულიერო და საერო პირები ამ უმნიშვნელოვანესი თარიღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ლიტურღიაში მიიღებენ მონაწილეობას.




