ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი დაიწყო. წლების წინ, ქალაქ ჯვარში, მოსახლეობა კულტურის სახლის სრულ რეაბილიტაციას ითხოვდა. ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, ჯვარში კულტურის სახლის მაყურებელთა დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის თანხა გამოყოფილიქნა მთავრობის განკარგულებით. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების დონეზე მთლიანად შეიცვლება შიდა და გარე ინფრასტრუქტურა.
პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 583 221 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა, მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ ასრულებს.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ჭანია, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გელა სალია და ქალაქ ჯვარის მაჟორიტარი დეპუტატი, წალენჯიხის საკრებულოს წევრი გოჩა ლიპარტია.
შეგახსენებთ, რომ 1975-76 წლებში, ქალაქ ჯვარში აშენდა კულტურის სახლი 600-კაციანი დარბაზით. ადგილობრივების ცნობით, გასული საუკუნის არაერთ ცნობილ ანსამბლსა და შემსრულებელს წარმოუჩენია თავისი ხელოვნება. კულტურის სახლი აღჭურვილი იყო იმ დროისათვის უახლესი აპარატურით, მუსიკალური ინსტრუმენტებითა და ინვენტარით. 90-იან წლებში კი კულტურის სახლი მრავალჯერ გაიძარცვა და გაპარტახდა.




