სენაკის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

- ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანზორ ცაგურიამ, სხდომის მონაწილეებს განსახილველი საკითხები გააცნო.
სხდომას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სენაკის საჭადრაკო კლუბს მიენიჭოს ჭადრაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სენაკის კოლორიტის, მიხეილ ქურდოვანიძის სახელი.
სხდომის მონაწილეებს, მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ფაცაციამ, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში განხორციელებული უპრეცედენტო მასშტაბის პროეტები გააცნო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მიმდინარე და 2021 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ვეფხვია ვეფხვაძემ, დამსწრეთ, ხელოვნების ცენტრის მიმდინარე წლის მიღწევები, განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მერის წარმომადგენელმა ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურიამ, დეტალურად მიმოიხილა ქალაქში მიმდინარე და დასრულებული მასშტაბური პროექტები, ისაუბრა პანდემიის პერიოდში განხორციელებული აქტივობების შესახებ.
მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საქმიანობის მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.




