სენაკში, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში აგროტური მოეწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით ,,აგროტური – 2018“ მოეწყო.
აგროტური სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა რეგიონში აგრარული სექტორის გასაცნობად ფერმერებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების გაყვანას.
პროექტის მონაწილეები მარტვილს სტუმრობდნენ.
აგროტურის მიზნობრივ ჯგუფს – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს – საოჯახო მარნის შექმნის ისტორიაზე, ამ მიმართულებით ნატურალური მეღვინეობისა და საოჯახო ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე ესაუბრა მეღვინე ქეთი ნინიძე. მან აღნიშნა, რომ „ოდა“ საოჯახო მეღვინეობაა, რომლის პირველი მოსავლის ღვინო 2015 წელს დაიწურა.
„ოდას“ ვენახში გაშენებულია, ძირითადად, ოჯალეშისა და მცირე რაოდენობით, ჭვიტილურის ჯიშის ვაზი. 2017 წელს მარანს ჯიღაურას მეურნეობიდან გადაეცა ვაზის სხვა იშვიათი მეგრული და აფხაზური ჯიშებიც – კოლოში, დუდღუში, ლაკაიაჟი და აშუგაჟი. „ოდას“ ნიშაც სწორედ ესაა – დასავლეთ საქართველოს ვაზის ენდემური სახეობების სხვადასხვა მეთოდით წარმოება. დღესდღეობით მარანს წარმოებული აქვს თეთრი, მშრალი ოჯალეში (2015) და ვარდისფერი ორბელური ოჯალეში (2016).
აღნიშნული ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა სალხინოში მდებარე დადიანები უნიკალური მარანი დაათვალიერეს, რომელიც მარტვილის ერთგვარი სავიზიტო ბარათია.
ტურის მონაწილეებმა დიდ ჭყონში გადაინაცვლეს, სადაც ქართული ჩაის მწარმოებელი საწარმოს შ.პ.ს. ,,ჯი.ჯი.ჯი.კომპანი“ წარმომადგენელმა, ფერმერმა გელა გარჩაგოდაშვილმა მათ ჩაის მოვლა-მოყვანის და წარმოების სრული ციკლი გააცნო, ჩაის პლანტაციები დაათვალიერებინა და იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ახალი პროდუქტი შესთავაზა მარტვილელმა ჩაის მწარმოებელმა ქართულ და უცხოურ ბაზარს.
„აგროტური -2018“-ის ძირითადი მისია სოფლის მეურნეობის დარგში დაგროვილი გამოცდილებების ურთიერთგაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა, ერთობლივი სამომავლო პროექტების დასახვა და განხორციელებაა.











