ევროპაში ფრინველის გრიპის გამო 100 ათასობით ფრინველი დახოცეს

ინგლისში იორკის მახლობლად ფრინველის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა. ბრიტანეთამდე ფრინველის გრიპი ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა. ნიდერლანდებში 100 ათასობით ფრინველი არსებული შტამის გამო უკვე დახოცეს.
BBC-ის ცნობით, ბრიტანეტში შემთხვევა მეფრინველეობის ფერმაში დადასტურდა.
დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (DEFRA) განაცხადა, რომ 24 დეკემბერს ელვინგტონის რაიონში მდებარე ტერიტორიაზე მაღალი პათოგენურობის ფრინველის გრიპის (HPAI) H5N1 შემთხვევები აღმოაჩინეს.
უწყებაში ადასტურებენ, რომ ტერიტორიაზე არსებული ყველა ფრინველი განადგურდება, შეზღუდვები იმოქმედებს 3 და 10 კილომეტრიან ზოლებში.
3 კილომეტრიან ზონაში არსებული ყველა ფრინველი უნდა იყოს იზოლირებული. 10 კილომეტრიან ზონაში შემავალი ან გამომავალი ყველა ფრინველი და კვერცხი კი უნდა დარეგისტრირდეს. DEFRA-ის ცნობით, 1 ოქტომბრიდან ინგლისში ქათმის გრიპის 63 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.





