ზუგდიდში ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი ოპერირებას 2026 წელს დაიწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან და ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროცესსა და მუყაო-ქაღალდის განცალკევებულად შეგროვების საპილოტე პროექტს გაეცნო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი ოპერირებას 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს; მოქმედი ძველი ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტი „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა 2-ისა“ და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით მიმდინარეობს; სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ATLAS INSAAT ახორციელებს.
ობიექტის მშენებლობის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულმა, თანმხლებ პირებთან ერთად, ზუგდიდში განცალკევებულად შეგროვებული მუყაოსა და ქაღალდის მიმღები ობიექტიც დაათვალიერეს.
ქაღალდისა და მუყაოს განცალკევებით შეგროვების და გადამუშავების შემდეგ იქმნება მუყაოს ახალი პროდუქტი და, ამავდროულად, მცირდება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქაღალდისა მუყაოს სეპარირების მთელი ქვეყნის მასშტაბით დასანერგად.





