რა პრიორიტეტებს მოიცავს სენაკის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი | მერმა პრიორიტეტები წარადგინა

სენაკის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავას წარუდგინა.
დოკუმენტი განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის 2026-2037 წლების განვითარების ხედვას, ძირითად მიზნებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
სტრატეგიული გეგმა ორიენტირებულია მუნიციპალიტეტში არსებული ძირითადი გამოწვევების ეტაპობრივ დაძლევასა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, სოციალური გარემოს თანმიმდევრულ განვითარებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუნიციპალური გზების რეაბილიტაციასა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ზრდაზე.
ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს აგროსექტორის განვითარება - ფერმერების მხარდაჭერა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და კოოპერაციის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
ამასთან, გეგმა მოიცავს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და კულტურული რესურსების ეფექტიან გამოყენებას, განათლების, სპორტისა და კულტურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვასა და მმართველობის ეფექტიანობის ამაღლებას.
სტრატეგია დაფუძნებულია მდგრადი განვითარების პრინციპებზე და ითვალისწინებს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტის პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, რაც საბოლოოდ მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდას ემსახურება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ინჯია, პარლამენტის წევრი ედიშერ თოლორაია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.






