დღეს წაჩხურობაა

დღეს წაჩხურობაა. წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზისსახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება. წაჩხურობას აღდგომის მომდევნო კვირას, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს აღნიშნავენ.
დღევანდელი ტაძრის ადგილას VII საუკუნის ეკლესია მდგარა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ განახლებულმა, XVIII საუკუნის ტაძარმა მოაღწია. წაჩხურობას მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მთელი საქართველოდან მიდიან მოსალოცად და წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ. მომლოცველებს პატარა აკვნები (ზოგჯერ აკვანში თოჯინაც წევს) მიაქვთ ეკლესიაში.
წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან. გარდა მთხოვნელებისა, ამ დღეს ტაძარს ბევრი მადლიერი ადამიანიც სტუმრობს. ცნობილია, რომ წაჩხურობას წარმართული დღესასწაული უდევს საფუძვლად, რომელიც შემდეგ მცირედი სახეცვლილებით ქრისტიანულ კულტურას შეერწყა.
დღესასწაულზე სოფელ წაჩხურში ყველა ოჯახში საგანგებოდ იშლება სუფრა, ყველა ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ეზოში შესვლა და დაპურება. ითვლება, რომ ვინც მეტ სტუმარს უმასპინძლებს, მადლი იმ ოჯახზე გადმოვა.
წაჩხურობის დღესასწაული ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეულია უძველეს ქართულ დღესასწაულებს შორის, რომელმაც დღემდე მოაღწია და რომელშიც ჩანს ქრისტიანობასთან მორგებული და შერწყმული წინარექრისტიანული კულტურის კვალი.
ამავე თემაზე:
წაჩხურობაზე ტაძრამდე მომლოცველებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება
მსგავსი სიახლეები

პატრიარქის დაკრძალვის დღეს ზუგდიდში რესტორნების ნაწილი არ იმუშავებს

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს



