წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ გუბა საჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან ერთად გაეცნო. ინფომაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაიგო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნური საფარი. მოეწყობა ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა ტრიბუნები, ფეხბურთელთა გასახდელები და სველი წერტილები. სამუშაოების ღირებულება 2 380 656 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებული, დელეგატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოებსაც გაეცნენ. ახალი ხიდის მშენებლობასთან ერთად, მოსახლეობის შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დროებითი სათადარიგო ხიდიც რეაბილიტირდება. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
ხიდის მშენებლობის სამუშაოებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მნიშვნელობის ნაკიფუ-ულურიას საავტომობილო გზის რეაბილიტაციას გაეცნენ. სარეაბილიტაციო მონაკვეთი 4 კილომეტრია და ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმითს უკავშირდება.
პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა სანიაღვრე არხები.








