ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გალში იმყოფებოდა I რა საკითხები განიხილეს?

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი გალის რაიონში იმყოფებოდა - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
გაიმართა შეხვედრა გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელ კონსტანტინე ფილიასთან. შეხვედრის დროს განიხილეს გალის რაიონის მოსახლეობისთვის „საკონსულო მომსახურების“ გაწევის საკითხები. ინფორმაციაში ნათქვამი არ არის თუ რას გულისხმობს ე.წ. საკონსულო მომსახურება. ცნობისთვის გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დიდი უმეტესობა, აფხაზეთის ე.წ. პასპორტს არ ფლობს.
ოლეგ ბარციცმა ასევე მოინახულა ენგურის ხიდთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი.
როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება:
„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საკითხების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით“.








