თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია. „ლენდლორდის“ მოდელი გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო ფლობდეს და ავითარებდეს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, შესაბამისად, მოვიზიდოთ ინვესტორები და ოპერატორები, რომლებიც შეძლებენ ტვირთის მოზიდვას, შესაბამისი გამოცდილებისა და, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოტანას.
აქ ჩვენ ვაბალანსებთ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯარო ინტერესებს. ჩვენთვის ეს მოდელი არის ის მიდგომა, რომლითაც განვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ ეს მოდელია აპრობირებული - ნავსადგურების დაახლოებით 80% მსგავსი მოდელით არის განვითარებული.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გადავაწყვეთ მთელი პროცესი აღნიშნული მოდელით განვითარებაზე. ახლა, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო მოედანზე მიმდინარეობს მშენებლობა. ბელგიური კომპანია, რომელიც დიდ ოთხეულში შედის, ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს, რათა აშენდეს 1 400 მეტრის სიგრძის ტალღმჭრელი და დაღრმავდეს შესაბამისი აკვატორია 17,5 მეტრამდე, იმისათვის, რომ შევძლოთ ღრმაწყლოვანი და მსხვილტონაჟიანი გემების მიღება.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ანაკლიასთან დაკავშირებით გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ. სულ გუშინ გამოცხადდა ბაზრის კვლევა რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა თვის ბოლომდე გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ფარგლებშია დაგეგმილი.
შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს აქტიურად ვახორციელებთ. რკინიგზამ პროექტირება დაასრულა და ჩვენ უკვე სამშენებლო პროცესზე გადავდივართ. ეს უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ანაკლია სატრანსპორტო ქსელებს დაუკავშირდეს.
ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, საავტომობილო ტრანსპორტის კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. ასევე ვგეგმავთ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, რათა შეიქმნას ის ეკოსისტემა, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო ჰაბისთვის“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
მსგავსი სიახლეები

თამარ იოსელიანი: აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში

ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები




