ოცნება: ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს, რომელსაც ,,დიადი ამბიციები“ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენს გარეშე სხდომებსაც ვერ ატარებენ

ზუგდიდის საკრებულოს ფრაცია „ქართული ოცნება“ საკრებულოში დღეს განვითარეებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ზუგდიდის საკრებულოში ბოლო ორი თვის განმავლობაში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის და გახარიას პარტიის მიერ დაკომპლექტებული ოპოზიციური საკრებულო, რომელთაც ე.წ. კოალიციის შექმნის და თანამდებობების გადანაწილების დროს ,,დიადი ამბიციები“ ჰქონდათ, აღმოჩნდა რომ „ქართული ოცნების“ ფრაქციის გარეშე საკრებულოს სხდომებსაც ვერ ატარებენ და ორი თვეა საკრებულო კოლაფსში შეიყვანეს. საზოგადოებამ კარგად დაინახა ე.წ. ოპოზიციური კოალიციის უსუსურობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ბოკუჩავა-გახარია-მელიას ერთობლივი კოალიციის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესების გამო არ შეფერხდეს ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებსაც საკრებულო სხდომებზე განხილვა სჭირდებათ. საქმე ეხებოდა ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის ზუგდიდში ახალი 1700 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კორსპუსების მშენებლობას.
ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს მხოლოდ ლაპარაკში გაბნეული ძალა, რომელიც უშედეგოა მათთვისვე. აქ საუბარიც კი ზედმეტია მათი მხრიდან ზუგდიდის საერთო სარგებელისთვის, თუნდაც ერთ პოზიტიურ ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე. ჩვენ დავინახეთ, რომ რეალურად გახარია-მელია-ბოკუჩავას ერთობით შექმნილი კოალიცია ბოლო სამი წლის განმავლობაში საქმის კეთებით არცერთხელ დაკავებულა, მათი მთავარი საზრუნავი მათივე პარტაქტივის საკრებულოში დასაქმება და ამ მიმართულებით არსებული შეთანხმებული კვოტირების მტკიცედ დაცვაა.
მაშინ როდესაც კოლექტიური ენმ-ი (ახალი-ენმ-გახარია) პარტაქტივის დასაქმებითაა დაკავებული, ჩვენ მერიასთან ერთად ვაკეთებთ საქმეს, მაგალითად სულ ბოლო სიახლეს მოვიყვანთ – დღეს ზუგდიდში ქალაქის 67 ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოვაცხადეთ. წინ ბევრი საქმე გვაქვს #უნდა_ვიზრუნოთ_ზუგდიდზე“ – ნათქვამია ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




