დაპირისპირება ენმ-ში – ეკა სამუშია ბაჩო ქანთარიაზე: რა ნამუსით უნდა ჰქონდეს პრეტენზია პარტიის თავმჯდომარეობაზე?!

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება, ამჯერად წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ავთანდილ გაბელიას გადადგომი შემდეგ დაპირისპირება მისი ადგილმონაცვლის კანდიდატურას მოჰყვა.
„ადამინის, რომელიც ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს გვლანძღავდა, „ქოცებთან” კოჰაბიტაციას გვაბრალებდა და წლების მანძილზე გვებრძოდა, დღეს, რა ნამუსით უნდა ჰქონდეს პრეტენზია პარტიის თავმჯდომარეობაზე?!” – ეს წალენჯიხის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ეკა სამუშია სიტყვებია, რომლითაც ის ბაჩო ქანთარიას კანდიდატურას, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
როგორც სამუშიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ხდება ცნობილი, საკრებულოს წევრის აღშფოთება ბაჩო ქანთარიას ადრინდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ქანთარია ენმ-ს წევრი არ არის. შესაბამისად, სამუშია მიიჩნევს, რომ ბაჩო ქანთარია პარტიის რაიონული თავმჯდომარეობის საკითხში უუფლებოა.
„ბოდიში, მაგრამ ამ პიროვნებამ უარი განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრობაზე და უპარტიო უწერია. ადამინის, რომელიც ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს გვლაძღავდა, “ქოცებთან” კოჰაბიტაციას გვაბრალებდა და წლების მანძილზე გვებრძოდა, დღეს, რა ნამუსით უნდა ჰქონდეს პრეტენზია პარტიის თავმჯდომარეობაზე?! სართოდ დაკარგეთ ნამუსი ამ პარტიაში?!” – წერს ეკა სამუშია.
ეკა სამუშია აცხადებს, რომ არჩევნებში ბაჩო ქანთარიას სასარგებლოდ ავთანდილ გაბელიას ჩართულობის შემთხვევაში, ის “საჭირო” ზომებს მიიღებს.
„უდიდეს პტივს ვცემ ავთანდილ გაბელიას, მაგრამ, თუ შევნიშნე, რომ ბატონი გაბელია არჩევნებში ბაჩო ქანთარიას სასარგებლოდ იმოქმედებს და მისი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, განცხადებას გავაკეთებ სადაც საჭიროა და შემდეგ უკვე დავდებ არგუმენტებს, ვის წარმოადგენდა ქანთარია და რა როლს თამაშობდა ის წალენჯიხაში! ვგულოსხმობ, პოლიტიკურ სპექტრს. დღემდე ვერ ვხსნი, თუ რატომ აქვს ამბიცია, ან პრეტენზია ბაჩო ქანთარიას წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყოს?! ერთი კვირაა (შეგნებულად) არ მივსულვარ საკრებულოში და შესაბამისად, არ მიმიღია მონაწილეობა ამ პროცესებში”, – აცხადებს მედიასთან საუბარში ეკა სამუშია.
“ნაციონალური მოძრაობის” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ავთანდილ გაბელიამ დაკავებული თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება 9 მაისს გააკეთა. წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კი, მამუკა ქარდავა და ბაჩო ქანთარია იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირებისა და სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად, ყველა რაიონულ ორგანიზაციაში, კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში, არჩევნები 17-20 მაისს ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომელიც მან, რამდენიმე დღის წინ გააკეთა.




