ინაუგურაციის გასაპროტესტებლად “ნაციონალები” დილიდან ზუგდიდის ცენტრშიც შეიკრიბნენ

დილის 11 საათიდან ზუგდიდის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაიწყეს შეკრება “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ლიდერებმა და მხარდამჭერებთან. ისინი დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებან. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევნები და სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია.
ცნობისათვის, ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს, რის შემდეგაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგება.
კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი საპროგრამო სიტყვას წარმოთქვამს და დებს ფიცს: – “მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება გიორგი მარგველაშვილს.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. მოსახლეობას საშუალება ექნება ინაუგურაციას თვალი ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.




