ფოთში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ფოთში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი ინფორმაციით, ის ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ორი – 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.
236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.



