მხოლოდ სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ, რაც უმნიშვნელოვანესია მათი უნარებისა და ცოდნის გამოვლენისთვის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სტუდენტების სტაჟირების შესახებ მოლაპარაკება კერძო სექტორთანაც მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენი სტუდენტების, უკვე კურსდამთავრებულების კარიერულ განვითარებაზე. სტაჟირების პროგრამა ეხება საბაკალავრო საფეხურის კურსდამთავრებულებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს მასშტაბური ინიციატივა წამოაყენა, რომელიც ასეთი მასშტაბის არასდროს ყოფილა. შეეხება 3 ათასზე მეტ ახალგაზრდას, სტუდენტს, კურსდამთავრებულს. პარალელურად კერძო სექტორთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. არის ინტერესი, მაგრამ აქ გასაგებია ნებაყოფლობით სურვილზეა ყველაფერი და შევხედოთ, რა მდგომარეობა გვექნება, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო სექტორში 3 ათასზე მეტ სტუდენტს 4-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ, რაც უმნიშვნელოვანესია მათი უნარებისა და ცოდნის გამოვლენისთვის. ვფიქრობთ, შერჩევის პროცესს დავიწყებთ ივლისში, რომელიც ალბათ სექტემბრამდე გასტანს. პირველი სექტემბრიდან დაიწყება სტაჟირების პროგრამა და წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
