26 მარტის გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ნიკა კვეკევესკირმა, რესპუბლიკის მოედანზე სკანდირება – „აფხაზეთი საქართველოა“ და „სამაჩაბლო საქართველოა“ ,,იმედის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა:
„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ მთელი გულით. მინდოდა რომ პირველ რიგში მათ გაეგოთ, რომ ჩვენ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მთელი ეროვნული ნაკრები ასე ვფიქრობთ და ამიტომ მგონია, რომ ამ ხალხისთვის განსაკუთრებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი. საქართველო იქნება ერთიანი, გამთლიანებული, მშვიდობიანი. ერთადერთმა, რამაც შეიძლება ასე გააერთიანოს, გაამთლიანოს და გააბედნიეროს მთელი საქართველო, იქნება სწორედ ის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნდეს ისევ ჩვენთან და ამ ხალხს, ჩემი ჩათვლით, აღარ ეწოდოს „დევნილი“, – განაცხადა კვეკვესკირმა.
32 წლის ნიკა კვეკვესკირი აფხაზეთიდან დევნილია, მისი მშობლები ახლაც ზუგდიდში ცხოვრობენ. ეროვნული ნაკრების წევრი პოლონურ გუნდ ლეხში თამაშობს, ნიკა კვეკვესკირმა თავისი კარიერა ზუგდიდის ბაიაში დაიწყო.
