წალენჯიხის მერი მის წინამორბედებს „ოპოზიციური კოალოციიდან“ ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მის წინამორბედებს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ოპოზიციური კოალიციის” ყოფილი ლიდერები საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ცდილობენ:
„მინდა, გამოვეხმაურო წალენჯიხის ყოფილი მერის მოადგილის თამარ ბელქანიას განცხადებას, თითქოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ მოახერხა მთავრობის განკარგულებით რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 500 000 ლარის ათვისება და აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტს დაუბრუნდა.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოეყო 4 880 405 ლარი, რომლის ათვისებაც უნდა მომხდარიყო 2025 წლის განმავლობაში. თვითმმართველობაში ჩვენი მოსვლისას, ანუ მიმდინარე წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფაქტობრივი ათვისების მაჩვენებელი იყო 36%. ანუ 1 881 559 ლარი.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ათვისებულმა თანხამ 621 223 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის პასუხიმგებლობაზე საუბრისას, მოგიწოდებთ, თავად აიღოთ პასუხისმგებლობა იმ 10 თვეზე, რომლის განმავლობაშიც სამუშაოები პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა. მეტიც, ისე დაიწყეთ ხმაურიანად დაანონსებული სტადიონის მშენებლობა, სრულყოფილი პროექტიც კი არ არსებობს, რის გამოც კონტრაქტორი სამუშაოების გაგრძელებას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ საბოტაჟთან.
გარდა ამისა, ფიტნესცენტრის აშენებას აპირებდით ცენტრალურ პარკში მაშინ, როდესაც შესაბამისი რესურსი არ გაგაჩნდათ და ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 800 ათას ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება მეორე ტყუილს, თითქოს მერიამ აღნიშნული თანხები დაკარგა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაუკარგავს არც ერთი თეთრი და დროული რეაგირების შედეგად, ეს თანხა სრულად ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში.
შესაბამისად, ფონდიდან გამოყოფილი თანხების არასრულ ათვისებაზე პასუხისმგებლობა სწორედ იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომელთაც თავიანთი უნიათობისა თუ მიზანმიმართული საბოტაჟის გამო, უარი თქვეს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე” - აცხადებს წალენჯიხის მერი გუბა საჯაია.






