ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას წალენჯიხის მერი სოფელ საჩინოში გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფომაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები, რაც ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფისთვის არის მიმართული.
მშენებლობის პერიოდში მოსახლეობის შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ადგილზე ეწყობა დროებითი სათადარიგო ხიდი.
ახალი ძირითადი ხიდის აშენებამდე, მოქალაქეები აღნიშნული სათადარიგო ხიდით მსუბუქი ავტომობილებით შეძლებენ გადაადგილებას“ - ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ მასალაში.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან და მერის წარმომადგენელთან ირაკლი შელიასთან ერთად გაეცნო.
„ხელმძღვანელი პირები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და შესრულების ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საჩინოს გზაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ხორციელდება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.






