ანაკლია-განმუხურის არქიტექტურული კონცეფციის კონკურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კომისია უახლოეს დღეებში მიიღებს

განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფციის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილული იყო კონკურსში მონაწილე სამი არქიტექტურული ბიუროს მიერ წარმოდგენილი კონცეფციები.
კონკურსის მიზანია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია-განვითარების საუკეთესო არქიტექტურული კონცეფციის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას. წარმოდგენილი წინადადებები ითვალისწინებდა არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარებას, ასევე ახალი ფუნქციური და რეკრეაციული ობიექტების დამატებას.
სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია და საკონკურსო კომისიის წევრები, მათ შორის არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
საკონკურსო კომისია კონკურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.












