4 მარტიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრები.
4 მარტიდან, მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება მოსახლეობის საერთო კრებები. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციების და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეირჩევა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარი გამოიყო, რაც მოხმარდება მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მუნიციპალიტეტის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი პრობლემების სიღრმისეული შესწავლა და მოქალაქეთა ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ღია და გამჭვირვალე დიალოგი.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, გუნდური მუშაობით უზრუნველვყოთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დროული და ეფექტიანი განხორციელება, შესრულდეს ყველა წინასაარჩევნო დაპირება და რეალური შედეგები მივაწოდოთ თითოეულ მოქალაქეს,” - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.





