დავით კოდუა: ანაკლია-განმუხირის ხიდთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის დასრულებასთან დაკავშირებით ეხმიანება. დავით კოდუას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეგატიური განწყობის შექმნას ემსახურება.
,,სრული რეაბილიტაციის დაწყებამდე, ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება აქტიურად ხორციელდება, პროცესი მიმდინარეა და რამდენიმე დღეში დასრულდება. თუმცა მანამდე მარგინალურმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს მიმდინარე სამუშაოების ფოტოები და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ფოტო რეაბილიტაციის დასრულების შემდეგაა გადაღებული - არადა რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიმდინარეა.
საფეხმავლო ხიდის და მთლიანად ანაკლია-განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლებისთვის საპროექტო მასშტაბური სამუშაოები იწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 8 თვეა განსაზღვრული. თუმცა მანამდე დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას ადგილობრივი ძალებით ვახერხებთ, რათა ტურისტულ სეზონზე დამსვენებლისთვის ხიდზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ხიდის დაზიანებული ნაწილების აღდგენის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის დასაწყისში გავაკეთეთ“- წერს დავით კოდუა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.






