STV
ამბები აფხაზეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სპორტი

ნიკა კვეკვესკირი: ჩემი ყველა გატანილი გოლი აფხაზეთს ეძღვნება

ნიკა კვეკვესკირი აფხაზეთიდანაა, ის ზუგდიდში გაიზარდა, პირველი საფეხბურთო კარიერა „ბაია“-ში დაიწყო. ნიკას მშობლები და და ახლაც ზუგდიდში ცხოვრობენ. ნანა გერგაია და კობა კვეკვესკირი საჯარო მოხელეები არიან, და ნინო კვეკვესკირი კი ცნობილი ფოტოგრაფია. ნიკა კვეკვესკირმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს სკანდირებით „აფხაზეთი საქართველოა“ მიმართა. ის ჯერ კიდევ ბავშობაში 2007 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა რომ ყველა გატანილ გოლს აფხაზეთს უძღვნიდა. გთავაზობთ კვეკვესკირთან 2007 წელს ჩაწერილ ინტერვიუს:

ნიკა კვეკვესკირი წლინახევრისა ჩამოიყვანეს მშობლებმა აფხაზეთიდან. მისთვის ზუგდიდი მშობლიური ქალაქი გახდა. აქ აიდგა ფეხი, აქ ეზიარა ფეხბურთის სიყვარულს, თავის პირველ მწვრთნელთან – ნიკოლი კალანდიასთან, თუმცა არასდროს ავიწყდება, რომ მისი ფესვები სამურზაყანოშია. ყველა გოლი აფხაზეთის სახელზე გააქვს. ოცნებობს გალში დაბრუნებაზე.

– გალი არ გეხსომება…

– ჩავდივარ, ხოლმე, ზუგდიდი ძალიან მიყვარს, თუმცა გალი მაინც სხვაა მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვისაც. თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემ გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის , ჩემო აფხაზეთო- მეთქი.

– ზუგდიდში თავს უცხოდ გრძნობ?

– რა თქმა უნდა, არა. ბაღში აქ შემიყვანეს პირველად. მე -15-ე სკოლაში ვსწავლობ. მეცხრეკლასელი ვარ. ბევრი მეგობარი მყავს სკოლაში, სამეზობლოში, გუნდშიც… უცხოდ რატომ უნდა ვიგრძნო თავი ზუგდიდში აღზრდილმა – შინაური ვარ აქ, მაგრამ ვიცი, მშობლიური ალაგის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა მქონდეს.

– ფეხბურთს რა ასაკიდან თამაშობ?

– 8 წლიდან. პირველად ნიკოლისთან ვვარჯიშობდი. ვალერი გულორდავასთან გადმოსვლის შემდეგ, უფრო სერიოზულად მივუდექი საქმეს, ყოველთვის ვცდილობ ბურთან ახლოს ვიყო და ბევრი ვივარჯიშო…

– რა წარმატებები გაქვს?

– გუნდთან ერთად მოვდივარ. მონაწილეობა მაქვს მიღებული კოტე მახარაძის სახელობის ტურნირში, ბენდელას თასის გათამაშებაში, საქართველოს პირველობაზე მატჩებში, რიზეს საერთაშორისო ტურნირში. შესაბამისად, მაქვს პირველი ხარისხის დიპლომები და მედლები.

– გუნდში რა პოზიცია გიჭირავს?

– მცველი ვარ

– ვინ არის დიდ ფეხბურთში შენი კერპი?

– რონალდინიო და კრიშტიანუ რონალდუ

– რაში გინდა მათ მიბაძო?

– გუნდში ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მათ ვერაფერში მივბაძავ. მიბაძვით, ლუსიოს მინდა მივბაძო. ყველა ბრაზილიელს ტექნიკა აქვს მაგარი და შესაბამისად, ლუსიოც ტექნიკური მცველია… ბურთს უაზროდ არ იშორებს, თითქმის, ყოველთვის ზუსტად გადასცემს, ფიქრობს… ტვინი აქვს.

– შენ ხშირად ტყუვდები?

– არც ისე ხშირად. ისე, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. ჩემი საქმეა მოედანზე მოწინააღმდეგეს ბურთი წავართვა და ორი შეხებით გავშორდე. უხეშობა არ მჩვევია, თუმცა აქეთ მეუხეშებიან.

– შენი საფეხბურთო ისტორიიდან რა დაგამახსოვრდა გამორჩეულად?

– ხობის ტურნირში, ფინალში ჯარიმა მაქვს გატანილი. ორით ერთს ვაგებდით და ეს იყო ჩემი პირველი გატანილი გოლი საჯარიმოდან.

– იმიტომ დაგამახსოვრდა , რომ გუნდს გამარჯვება მოუტანე?

– გამარჯვება ჩემ გოლს არ მოუტანია, ანგარიში ფრე გახდა და მერე თერთმეტმეტრიანით მოვიგეთ.

ასე თუ ისე, შენი დამსახურებაც ყოფილა…

– ფეხბურთი გუნდური თამაშია, მარტო ჩემი დამსახურება არ იყო. ფეხბურთში ინდივიდუალურად ვერაფერს მიაღწევ.

– მაინც, რამდენი გოლი გაქვს გატანილი?

– ძირითადად , პენალტებს ვურტყამ და გამაქვს. 15- 20 პენალტი მექნება ოფიციალურ თამაშებში გატანილი.

ფატი ნაჭყებია ჟურნალი ,,ზუგდიდელები“ N 3. ( 18) 2007 წელი

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი