STV
ისტორიული ამბები მთავარი ამბები

როგორ იგეგმებოდა ცაიშში ახალი ზუგდიდის მშენებლობა [ლაშა ჯიქიას ისტორიული ამბები]

როგორ იგეგმებოდა სოფელ ცაიშში ახალი ზუგდიდის მშენებლობა, ამის შესახებ ისტორიკოს ლაშა ჯიქიას ისგორიული ამბებიდან შევიტყობთ:

,,1872 წელს ზუგდიდი პანიკამ მოიცვა. ქალაქში ხმა დაირხა, რომ დაბა ზუგდიდს სხვაგან გადატანას უპირებენო. ზუგდიდელების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ აქ უკვე არსებობდა 200 -ზე მეტი შესანიშნავად ნაგები ოდა და ქვითკირის სახლები, ქვის დუქნები და ხის სახელოსნოები. კარგად ვითარდებოდა ვაჭრობა და ხელოსნობა. ამის შესახებ გაზეთ ,,დროებაში” (1873, წ. #5) მოგვითხრობს ერთი უცნობი ზუგდიდელი: ,,ამბობენ, რომ ჩვენს პატარა ზუგდიდს მომავალში უბედურება მოელის – ანგრევას უპირებენო. მართებულობას დიდი ხანია მიწერ-მოწერა აქვს ზუგდიდის სხვა ადგილზე გადატანის თაობაზედ, მაგრამ ჯერ არავითარი დაბოლოვებითი განკარგულება არ მომხდარა. ამის მიზეზი, როგორც ამბობენ ის არის, რომ დაბა ზუგდიდი თავად მინგრელსკის საკუთარ ადგილზე არის გაშენებული. არ ვიცით ნამდვილად, სად უპირებენ ახალი ქალაქის გაშენებას… მაგრამ ზუგდიდიდან რვა ვერსტზედ, სამხრეთის მხარეს, სოფელ ცაიშში, საეკლესიო მამულზედ, სახელმწიფო ხარჯით გააკეთეს დიდი ქვის შენობა, რომლიც სალდათების სადგომად დაუნიშნავთ. აი, ამან აგვაღებინა აქაურებს ეჭვი, რომ სოფელ ცაიშში უპირებენ ახალი ქალაქის გაკეთებას, რომელსაც დაარქმევენ ახალ ზუგდიდს…

ზუგდიდის ისტორიის უბადლო მკვლევარ, აბესალომ ტუღუშს თავის მონოგრაფიაში  მოჰყავს ერთი დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს რომ მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ქალაქ ზუგდიდის გადატანა იგეგმებოდა სავარაუდოდ სოფელ ცაიშში და ამისათვის საეკლესიო მიწაზე სახელმწიფოს აუშენებია დიდი ქვის შენობა ჯარისკაცებისათვის (ა. ტუღუში ნარკვევები ზუგდიდის ისტორიიდან, თბილისი 2012 წ., გვ. 53-54).

ზუგდიდელთა აქტიური მონდომებით ქალაქი ზუგდიდი დარჩა თავის ადგილზე, ისევე როგორც ქვის შენობები სოფელ ცაიშში, თუმცა მათი კვალი დროთა განმავლობაში წაიშალა და აღარც აქ მცხოვრები მოსახლეობის მეხსიერებას შემორჩა ცნობა მათ შესახებ.

საინტერესოა, თუ კონკრეტულად სად იგეგმებოდა ქალაქ ახალი ზუგდიდის მშენებლობა?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებული ზოგადი გადმოცემები ქალაქის მშენებლობას სადღაც ცაიშის მიდამოებში მიგვითითებდა, მაგრამ თუ რა არეალს მოიცავდა ის ამ დრომდე უცნობი იყო.

2022 – 2023 წლებში, ცაიშის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი რ. პაპუაშვილი), ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისი – სენაკი – ზუგდიდის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სოფელ ცაცხვში, მდ. ჯუმის ხიდიდან 300 მ.-ის დაშორებით, კერძო მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთში მიაკვლია მასიურ შენობა-ნაგებობათა კვალს. ამავე ტერიტორიაზე გაითხარა შენობა, რომელიც ხისა უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის (თიხის ჭურჭელი, რკინის ლურსმნები, გაურკვეველი დანიშნულების ნივთები და სხვა) აღმოჩნდა რუსეთში რომანოვების მეფობის 300 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალიონი. ეს მედალიონი უნდა ყოფილიყო რომელიმე რუსი ოფიცრის საკუთრება. მიმდებარე  ტერიტორიაზე ჩატარდა გაფართოებული არქეოლოგიური სამუშაოები, როგორც ცნობა მიუთითებს ეს შენობა-ნაგებობები მეცხრამეტე საუკუნეში აუგიათ. ამას ადასტურებს არტეფაქტებიც, მათ შორის დადიანისეული სერვიზისთვის დამახასიათებელი დეკორით შემკული ფაიფურის თეფშის მცირე ფრაგმენტები.

გრაფიკულად, აქ არსებული შენობების მხოლოდ საძირკვლებია შემორჩენილი, თუმცა კარგად იკითხება მათი მასშტაბურობა. მასიური ზომის საძირკვლები აშენებულია რიყის და კირქვების უფორმო, მოზრდილი ნამტვრევებით და ჩაჭრილია კირქვიან გრუნტში. ქვები ერთმანეთთან კირის დუღაბითაა შეერთებული, ალაგ-ალაგ საძირკვლის ქვეშ ბრტყელი აგურის ფრაგმენტებიც ყოფილა დატანებული.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოჩნდა დიდი ქვის შენობა და მასთან დაკავშირებული, დამხმარე სამეურნეო ნაგებობების კომპაქტური განლაგება. როგორც ირკვევა ახალი ქალაქის მშენებლობა ერთბაშად მიუტოვებიათ და დროთა განმავლობაში არსებული შენობა – ნაგებობები თანამედროვე სახლებისთვის საძირკვლის ასაშენებლად გამოუყენებიათ” – წერს ისტორიკოსი ლაშა ჯიქია.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი