სენაკში თოვლის საფარისგან გზები იწმინდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, მიმდინარე პროცესებს ადგილზე ეცნობა.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.
მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარე სოფლებში“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 598 27 67 36 და მერიისვე ინფორმაციით, ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ხდება დროული რეაგირება.






