ეგრისობა 2026

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევში, ეგრისის ისტორიულ ციხე-ქალაქში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ეგრისობა 2026“ გაიმართა. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.
დღესასწაულის ფარგლებში მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მოეწყო.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმოდგენილი იყო ადგილობრივ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ქართული ხორბლის ენდემური და ტრადიციული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქცია, ეთნოკოლხური კუთხე, კალიგრაფიული ნამუშევრების ექსპოზიცია, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო სივრცეები.
ღონისძიების კულტურული პროგრამა ადგილობრივი ქორეოგრაფიული და საგუნდო ანსამბლების გამოსვლებს, თეატრალურ კომპოზიციებსა და მხატვრულ პერფორმანსს „ეგრისის სამეფო“ აერთიანებდა.
დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საპატიო სენაკელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია იყო. საპატიო მოქალაქის წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ათ მოქალაქეს მიენიჭა.
„ეგრისობა“, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობის, ეროვნული თვითმყოფადობისა და ადგილობრივი ტრადიციების წარმოჩენას ემსახურება, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ეგრისის ისტორიულ სივრცეში კიდევ ერთხელ აერთიანებს.
სახალხო დღესასწაული ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტით დასრულდა.











![ვინ გახდნენ საპატიო სენაკელები [სრული სია]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F11%2Fimg_0967-1795948359293.jpeg&w=3840&q=75)




