ზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ხელისუფლების წარმომადგენლება გვირგვინით შეამკეს
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუა, ზუგდიდის დელეგატმა ედიშერ თოლორაიამ, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ზუგდიდში მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.
,,დღეს შესრულდა 37 წელი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, რაც საქართველოს ისტორიაში იქცა როგორც ეროვნული ტრაგედიის, ასევე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულმა ადამიანებმა გამოავლინეს უმაღლესი სამოქალაქო სიმამაცე და თავგანწირვა, რითაც სამაგალითო კვალი დატოვეს თითოეული ქართველის ცნობიერებაში.
მათი თავდადება არა მხოლოდ გლოვის, არამედ ეროვნული ერთიანობისა და თავისუფლების იდეის განმტკიცების საფუძველი გახდა. სწორედ ამ სულისკვეთებამ და საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციამ მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგი გამოიღო ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიდგინა.
ქედს ვიხრი იმ ადამიანთა ნათელი ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად განამტკიცეს თავისუფლების იდეა და გზა გაუხსნეს ქვეყნის დამოუკიდებელ მომავალს”-აღნიშნა დავით კოდუამ.






