სენაკის მერმა ვახტანგ გადელიამ პირველკლასელებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

სენაკში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, საჯარო სკოლების პირველკლასელებმა სხვადასხვა ლოკაციაზე საკუთარი პირველი ნერგები დარგეს.
გამწვანების ღონისძიებაში სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა, ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სამინისტროებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.
პროგრამის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს. პროცესში ასევე ჩართული არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის მიზანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გამოუმუშავდეთ ბუნებაზე ზრუნვის ჩვევა, ჩამოუყალიბდეთ გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის გამწვანებასა და მწვანე სივრცეების განვითარებაში.






