პრემიერ-მინისტრს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო

„მყინვარები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრე, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მყინვარებს სტიქიური საფრთხეებიც უკავშირდება, რაც შოვის ტრაგედიამ ორიოდე წლის წინ თითოეულ ჩვენგანს ძალიან მტკივნეულად შეგვახსენა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მყინვარული ხეობების კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის ექსპერტ დანიელ ტობლერთან შეხვედრისას განაცხადა.
კომპანია GEOTEST-ის ექსპერტმა, რომელთანაც მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის მიზნით ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა, კვლევის შედეგები დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურს წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიელ და ქართველ ექსპერტებს მყინვარული ხეობების კვლევის პროცესში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა კომპანია GEOTEST-ის გამორჩეულ გამოცდილებას მსოფლიო მასშტაბით მსგავსი საფრთხეების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის თვალსაზრისით.
მსგავსი მასშტაბის კვლევა, რომლის ფარგლებში საფრთხეები ქვეყნის 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა, საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც არსებობს გამოწვევები და რისკების მართვის მიზნით აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება.
მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესის კოორდინაციის მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანდება ყველა შესაბამისი უწყება, რომლებიც კომპეტენციების შესაბამისად პასუხისმგებელნი იქნებიან პროცესის მართვაზე.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ესწრებოდა.



მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ილია თოფურია ოჯახთან ერთად პრემიერ-მინისტრს შეხვდა




