სასტუმრო „ანაკლია“ ოპოზიციურ მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სასტუმო ,,ანაკლიის“ მენეჯმეტი ოპოზიციურ მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასტუმრო რუსული წარმოშობის მოქალაქემ იყიდა, სასტუმროს მენეჯმენტი უარყოფს და აცახდებს, რომ ,,Holtel Aanaklia“-ს ახალი მფლობელი, არა რუსული წარმომავლობის ბიზნესმენი, არამედ სოხუმში დაბადებული, ამჯამად გერმანიის მოქალაქე ალექსანდრე პოტიომკინია.
„ბოლო დღეებში გავრცელებულმა ცალკეულმა შეფასებებმა და ინტერპრეტაციებმა გვაფიქრებინა, საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაცია მიგვეწოდებინა სასტუმრო „ანაკლია“-ს პროექტისა და მისი ინვესტორის, ბატონი ალექსანდერ პოტემკინის შესახებ.
ალექსანდერ პოტემკინი არის გერმანიის მოქალაქე, სოხუმში დაბადებული მეცნიერი ეკონომიკის დარგში და ინვესტორი, რომელიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობას 2009 წლიდან ახორციელებს. ამ წლების განმავლობაში მის მიერ დაფუძნებულ და მხარდაჭერილ კომპანიებში დასაქმებული იყო და დღესაც დასაქმებულია ასობით საქართველოს მოქალაქე. მისი საქმიანობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის (მეფუტკრეობა და ფუტკრის პროდუქტების წარმოება; ორგანული სასუქი ბიოჰუმუსის წარმოება; ბიო მოცვის წარმოება და ა.შ), მეცნიერების, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების მიმართულებებთან.
სასტუმრო „ანაკლია“-ს განახლება განხორციელდა კერძო ინვესტიციის (გერმანული ინვესტიციის) საფუძველზე. პროექტი არ წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის ნაწილს, არ დაფინანსებულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ სარგებლობს რაიმე განსაკუთრებული სახელმწიფო პრივილეგიით. ეს არის კერძო ინვესტორის მიერ საკუთარი ფინანსური რესურსებით განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანია ანაკლიის ტურისტული პოტენციალის განვითარება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც კარგად ასახავს ბატონი ალექსანდერ პოტემკინის მრავალწლოვან კავშირს საქართველოსთან. ჯერ კიდევ 1980-იანი წლების მეორე ნახევარში , გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, იგი მონაწილეობდა დასავლური კულტურული და ეკონომიკური ინიციატივების საბჭოთა სივრცეში შემოტანაში. ის არის ჟურნალ „Burda Moden“-ის მოსკოვის რედაქციის დაარსების ავტორი.
1986 წელს, როდესაც საქართველოსთვის ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დანერგვის საკითხი აქტიურად განიხილებოდა, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ოთარ ჩერქეზიას ინიციატივით, ბონში მდებარე საბჭოთა საელჩოს მეშვეობით დაიწყო იმ პირის მოძიება, რომელიც საქართველოს კივის ნერგების შემოტანაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ პროცესში იქნა რეკომენდებული ალექსანდერ პოტემკინი — საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ეთნიკური გერმანელი, რომელსაც კარგად ესმოდა როგორც საქართველოს ინტერესები, ისე დასავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მისი პირადი ფინანსური რესურსებით შეძენილ იქნა 30 000 კივის ნერგი, რომლებიც საქართველოში ჩამოიტანეს როგორც საჩუქარი ა. პოტემკინისგან და რომელთა საფუძველზეც დაიწყო კივის კულტურის ფართომასშტაბიანი გავრცელება ქვეყანაში. სწორედ ამ ისტორიულ პროცესს უკავშირდება საქართველოში კივის მეურნეობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში ბატონ ალექსანდერ პოტემკინს სხვადასხვა პერიოდში შექმნილი და წარმატებით ფუნქციონირებადი ჰქონდა დაახლოებით 60 Duty Free-ის მაღაზია, რომლებიც განთავსებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. აღნიშნული საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მრავალწლიან გამოცდილებას, ფართო საერთაშორისო კავშირებსა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.
ამასთან, მისი ფინანსური მონაწილეობითა და სპონსორობით, 1,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, განხორციელდა სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტი, რომელიც დღემდე საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო და ეკონომიკურ კარიბჭეს წარმოადგენს.
განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც მეგრული ენის, კულტურისა და ისტორიის მიმართ გამოხატული პატივისცემა პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება. მის მიერ გამოცემული ორტომეული „მეგრული ენა“ წარმოადგენს სამეცნიერო და კულტურულ ნაშრომს, რომლის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება.
სამეგრელოსთან მისი დამოკიდებულება არ არის ფორმალური ან შემთხვევითი. იგი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, ბავშვობიდანვე ახლო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან და მის ულამაზეს კუთხეებთან. ანაკლიას კი ხშირად მოიხსენიებს როგორც „შავი ზღვის მარგალიტს“ — ადგილს, რომელსაც გააჩნია განვითარების, ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის უნიკალური პოტენციალი. ეს არის რწმენა იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ანაკლიის ეკონომიკური გაძლიერება და ტურისტული აღმავლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ოკუპაციის პრობლემის გრძელვადიანი, მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.
მისთვის ანაკლიის განვითარება მხოლოდ ბიზნესინტერესი არ არის. ეს არის რწმენა იმისა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ანაკლიის ეკონომიკური გაძლიერება, ტურისტული განვითარება და საერთაშორისო ცნობადობის ზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარებისათვის, რაც მომავალში ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მოწვევა წარმოადგენდა ცივილიზებულ და ევროპულ პრაქტიკას, რომელიც მიმართულია ბიზნესსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და კეთილგანწყობის გამოხატვისკენ. გახსნის ცერემონიაზე ლენტის გაჭრაში მათი მონაწილეობა იყო სიმბოლური ჟესტი და არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც რომელიმე პოლიტიკური ძალის, სახელმწიფო პროგრამის ან განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოვლინება.
სასტუმრო „ანაკლია“ არის კერძო- გერმანული ინვესტიციის შედეგად განხორციელებული პროექტი, რომელიც შეიქმნა კერძო კაპიტალით, კერძო რისკითა და კერძო პასუხისმგებლობით.
ვფიქრობთ, რომ სამართლიანი შეფასების საფუძველი უნდა იყოს ადამიანის საქმიანობა, განხორციელებული ინვესტიციები, შექმნილი სამუშაო ადგილები, გადახდილი გადასახადები და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი რეალური წვლილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ადამიანზე, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში საკუთარი რესურსებით განახორციელა არაერთი პროექტი საქართველოში და დღესაც აგრძელებს ინვესტირებას ქვეყნისა და მისი რეგიონების განვითარებაში.
ჩვენთვის ანაკლია მხოლოდ ბიზნესპროექტი არ არის. ეს არის რწმენა, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს, სამეგრელოსა და მთლიანად ქვეყანას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი. სწორედ ამ რწმენით განხორციელდა სასტუმრო „ანაკლია“-ს განახლება და სწორედ ამავე რწმენით გაგრძელდება მისი განვითარება მომავალშიც“ - ნათქვამია გვრცელებულ ინფორმაციაში.






