აბაშაში 15 პედაგოგი დაჯილდოვდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ საჯარო სკოლების წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვეს.
აბაშის მუნიციპალიტეტისგან, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის 15 პედაგოგს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი, პროფესიული საქმიანობისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის შრომა განსაკუთრებით დასაფასებელია და სწორედ პედაგოგები ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც მომავალი თაობების ცოდნა, ღირებულებები და წარმატება შენდება.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის გოგონათა ანსამბლი და კულტურის ცენტრის ანსამბლები.
დაჯილდოების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ინიციატივა პედაგოგთა მრავალწლიანი საქმიანობის დაფასებასა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება






