ტიკტოტერი ქალისა და მისი მამის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.
გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






